ენა

საქართველო ამერიკის მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული პარტნიორია რეგიონში. ამერიკა კვლავაც აგრძელებს დასავლურ პოლიტიკასა და ეკონომიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერას. USAID-მა შეიმუშავა ქვეყნის განვითარების ხუთწლიანი სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრად განვითარებას, ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ მედეგობის გაზრდას.

საქართველო მნიშვნელოვან გზაგასაყარზე დგას. ქვეყნის მიერ დღემდე მოპოვებულ წარმატებასა და დასახულ გეგმებს დიდი გამოცდა ელის. საქართველოს ტერიტორიები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთის მიერ განხორციელებული ე.წ.“ბორდერიზაცია“ (რაც გამოიხატება საქართველოს ტერიტორიებზე სამხრეთ ოსეთთან მდებარე ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ბარიერების აღმართვაში) არაპროპორციულ და დისკრიმინაციულ გავლენას ახდენს ადგილობრივ მოსახლეობაზე. ერთის მხრივ ევროპასა და აზიას, მეორეს მხრივ კი რუსეთსა და ირანს შორის მოქცეული ქვეყანა კვლავ რთულ და არასტაბილურ გეოპოლიტიკურ გარემოში განაგრძობს ცხოვრებას.

ამავდროულად, საქართველო არც ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსიისა და გავლენისგანაა დაცული. ერთი რამ ცხადია - საქართველოს მდგრადი თვითუზრუნველყოფა ფაქტობრივად შეუსრულებელ ამოცანად რჩება ვიდრე გრძელდება რუსული ოკუპაცია და კრემლის არაკონტროლირებადი მავნე ზეგავლენა. მიუხედავად რთული გამოწვევებისა საქართველო კვლავ აგრძელებს თავისუფალ საბაზრო დემოკრატიაზე გადასვლას. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანამ განვითარების შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია, არაერთ სფეროში წარმატებით განახორციელა სამაგალითო, ეკონომიკისა და მმართველი ინსტიტუტების გაძლიერებაზე ორიენტირებული რეფორმები. მიღებული გამოცდილება ხელს შეუწყობს საქართველოს სტრატეგიული მიზნების მიღწევაში.

USAID-ის განვითარებისა და თანამშრომლობის სტრატეგია საქართველოს წარმატებულ რეფორმებს და განვითარების მიღწევებს დაეფუძნება და წინააღმდეგობას გაუწვეს დემოკრატიული განვითარების შესაძლო რეგრესს. სტრატეგიაში ასახულია აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია. ეს პრიორიტეტები თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის გრძელვადიან მიზანთან - ევროკავშირში გაწევრიანებასთან. განვითარებისა და თანამშრომლობის სტრატეგია სამ ძირითად მიზანს მოიცავს: (ა) გარე მავნე ზეგავლენისადმი გაზრდილი მედეგობა, (ბ)მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერება დემოკრატიული მიღწევების განსამტკიცებლად, (გ) ეკონომიკური ზრდის შედეგად შექმნილი ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობები.

ქვეყნის განვითარების სტრატეგიის განხორციელების მიზნით, USAID იმუშავებს პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან. სააგანტოს პოლიტიკაა ითანამშრომლოს მრავალ პარტნიორთან (მაგალითად კერძო სექტორის ჩართულობის (PSE) სტრატეგია, გაფართოებული მთავრობათაშორისი (G2G) მექანიზმები და ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობის ინიციატივა და სხვა). ზემოაღნიშნული მექანიზმები გულისხმობს მუშაობის პროცესში უფრო მეტი ადგილობრივი პარტნიორის მონაწილეობას, ქართული მხარის თაოსნობით შემუშავებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერას, სტრატეგიული პარტნიორების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას, ინოვაციური მიდგომების ხელშეწყობას და ახალგაზრდებისა და ქალების ჩართულობის გაზრდას.

სტრატეგიის განხორციელების შედეგად, USAID-ის მიერ გაწეული საქმიანობა მყარ საფუძველს ჩაუყრის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ საქართველოს მისწრაფებას, დაიცავს ქვეყანას გარე საფრთხეებისგან (მათ შორის, გარეშე ძალთა მიერ თავსმოხვეული მავნე ზეგავლენისგან) და ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეებს ისარგებლონ გაუმჯობესებული მმართველობით, კანონის უზენაესობითა და დასაქმების შესაძლებლობებით.