USAID, UNICEF-თან პარტნიორობით საქართველოს სოფლის კლინიკებს ინტერნეტით უზრუნველყოფს და ხელს უწყობს ისეთ ადამიანებს, როგორიც ექიმი ლაშა თევზაძეა. ამ ადამიანებს ინტერნეტით შეუძლიათ დაუკავშირდნენ თავიანთ პაციენტებს და ასევე მიიღონ COVID-19-ზე უახლესი ინფორმაცია.
გაიცანით ლაშა თევზაძე, სოფელ გალავნის ოჯახის ექიმი. მცხეთის რაიონის სოფელ გალავნის ამბულატორია 12 სოფელს ემსახურება. „1997 წლიდან ვმუშაობ, ოჯახის ექიმი ვარ. სოფლის ექიმები ოჯახის წევრივით ვართ - ყველას ვიცნობთ, ყველას პრობლემა ვიცით. სხვანაირად ეს ურთიერთობა არ გამოდის. სახელს სრულად ვამართლებთ სოფლის ექიმები, მართლაც ოჯახის ექიმები ვართ, მთელ თაობებს ვზრდით“- ამბობს ლაშა თევზაძე. დღემდე სოფელ გალავნის ამბულატორიის შენობაში ინტერნეტი არ ჰქონდათ. ექიმები თავად ყიდულობდნენ მობილურ ინტერნეტს და ასე უკავშირდებოდნენ პაციენტებს.
დეკემბერში ეს მდგომარეობა შეიცვალა, როცა სოფელ გალავანის კლინიკამ USAID-ის მხარდაჭერით მიიღო ინტერნეტი. USAID და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით, 1000-ზე მეტი სოფლის ამბულატორია უკვე უზრუნველყოფილია ინტერნეტით.
ექიმ თევზაძის თქმით, ინტერნეტი მათ საქმიანობას მნიშვნელოვნად ეხმარება: „ახლა ყველაფერი ელექტრონულია, ბაზები, იმუნიზაციის და სხვა გეგმიური ღონისძიებების შესახებ უახლესი ინფორმაცია. კორონავირუსის პრევენციის და მართვის შესახებ ახალი ინფორმაციაც ინტერნეტით იგზავნება,“ ამბობს თევზაძე.
USAID საქართველოში UNICEF-თან თანამშრომლობით კორონა ვირუსის წინააღმდეგ იბრძვის.
ექიმ ლაშას ამბულატორია სოფელ გალავანში, ერთერთია იმ 1000 კლინიკიდან, რომელმაც ინტერნეტი USAID-ის და UNICEF-ის პარტნიორობის შედეგად მიიღო. ინტერნეტი ექიმებს საშუალებას აძლევს დაუკავშირდნენ პაციენტებს. მალე კი ინტერნეტი ყველა სოფლის ამბულატორიას ექნება. ასევე, ყველა სოფლის ექიმს ექნება წვდომა უახლეს პროფესიულ ინფორმაციაზე საერთო საინფორმაციო ონლაინ პლატფორმის მეშვეობით. პლატფორმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბაზაზეა განთავსებული.
პროგრამა, საქართველოში COVID-19-ზე მყისიერი რეაგირების ფარგლებში ხორციელდება USAID-ის და UNICEF-ის მხარდაჭერით 2020 წლის ივნისიდან. მხარდაჭერაში შედის სამედიცინო დაწესებულებების უზრუნველყოფა ჰიგიენური და სამედიცინო აღჭურვილობით. ასევე, სწრაფი რეაგირების ჯგუფების, საქმეთა მართვის, ინფექციის კონტროლის და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აქტიობები. USAID მრავალმხრივ უწყობს ხელს საქართველოს კორონა ვირუსთან ბრძოლაში, მათ შორის საჯარო სამსახურების და მოსახლეობის მხარდაჭერით, ასევე ეკონომიკის აღდგენით.