USAID-ის „ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის“ დაწყება ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში წინ გადადგმული მნიშნველოვანი ნაბიჯია. პროგრამას აფინანსებს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს Deloitte Consulting. პროგრამა ხუთი წლის განმავლობაში განხორციელდება და ხელს შეუწყობს პოლიტიკურ რეფორმებს და კერძო ინვესტიციების მოზიდვას, რასაც შედეგად საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განახლება და ახალი ელექტრიენერგიის წარმოების ობიექტების შექმნა მოჰყვება. დაგეგმილი ღონისძიებები USAID-ის სტრატეგიულ მიზნების ნაწილია, რომელიც საქართველოს ოჯახებს და ბიზნესებს უზრუნველყოფს სტაბილური, ხელმისაწვდომი ელექტროენერგიით. პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება მედეგობა გარე მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ, მათ შორის იმპორტირებულ ენერგიაზე ზედმეტი დამოკიდებულების და კიბერშეტევების წინააღმდეგ.
USAID-ის სტრატეგია: აქცენტი მავნე ზეგავლენისადმი გაზრდილ მედეგობაზე
USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა USAID-ის მიერ 2020 წელს შემუშავებული ქვეყნის განვითარების ხუთწლიანი სტრატეგიის ნაწილია. სტრატეგიის მთავარი მიზანია საქართველოს განვითარების მხარდაჭერის მიზნით, გაზარდოს ქვეყნის მედეგობა- გააძლიეროს ინსტიტუტების ინფრასტრუქტურა და დანერგოს პრაქტიკა, რომელიც აუცილებელია საზოგადოების გარე მავნე ზეგავლენისაგან დასაცავად. მათ შორისაა რუსულ ბაზარზე ეკონომიკური დამოკიდებულება, ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოების გამყარება, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მუდმივი ოკუპაციისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მუშაობა.
„USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში, მოიზიდავს ინვესტიციებს და წაახალისებს განახლებადი ენერგიის, მათ შორის ქარისა და მზის ენერგიის წარმოებას. ჩვენი პროგრამა საქართველოს სტაბილური და სანდო ელექტროენერგიის მოპოვებაში დაეხმარება, რომელიც ქვეყანას ეკონომიკის განვითარებისათვის სჭირდება. ენერგო სექტორში ინვესტიციების მოზიდვა ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას სხვადასხვა სექტორში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ევრო კავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეგულირების ვალდებულებების დაკმაყოფილებით ეს პროგრამა საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს ევროპასთან და შეამცირებს არასანდო პარტნიორებზე ქვეყნის დამოკიდებულებას“- აღნიშნა პიტერ ვიბლერმა, USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში.
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში USAID გააღრმავებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას და კერძო სექტორთან პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადავა. გამჭირვალობის, კონკურენციის და ევროპის ენერგო საზოგადოებასთან ინტეგრაციით, პროგრამა საქართველოს ენერგო სექტორს კერძო სექტორისთვის უფრო მიმზიდველს გახდის, რაც თავის მხრივ გაზრდის მის მდგრადობასა და დამოუკიდებლობას.